არჩევნები ისრაელში

არჩევნები ისრაელში – 2013

  •   კითხვა–პასუხი
  •    
    2013 წლის 22 იანვარს ისრაელის მეცხრამეტე პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. 23 იანვარს ცენტრალურმა კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ახალი მოწვევის ქნესეთში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: 
  • icon_zoom.png
    არჩევნები ისრაელში არჩევნები ისრაელში
     
     
     
                  ლიკუდ ბეითანუ ("ისრაელი ჩვენი სახლია") - 31 (23.32%)
                 იეშ ატიდი ("მომავალი არსებობს") - 19 (14.32%)
                 ავოდა ("შრომის პარტია") - 15 (11.39%)
                 ჰაბაით ჰაიეჰუდი ("ებრაული სახლი") - 12 (9.12%)
                 შას - 11 (8.75%)
                 იაჰუდათ ჰა თორა ("თორის ებრაელობა") - 7 (5.17%)
                 ჰათნუა ("მოძრაობა") - 6 (4.99%)
                 მერეც - 6 (4.54%)
                 რაამ თაალ (გაერთიანებული არაბული სია) - 4 (3.65%)
                 ჰადაშ ("კომუნისტური პარტია")  - 4 (2.99%)
                 ბალად ("არაბული დემოკრატიული პარტია") - 3 (2.56%)
                 კადიმა ("წინ") - 2 (2.10%)
    ცესკოს მონაცემებით არჩევნებში ისრაელის მოსახლეობის 67.79% მიიღო მონაწილეობა. 1999 წლის შემდეგ ეს ამომრჩეველთა აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო
     

     

    კითხვა–პასუხი ისრაელში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

     
    1. "არჩევნები ისრაელში" – როდის? ვინ? სად?
     
    სამშაბათს, 22 იანვარს ისრაელში საყოველთაო ეროვნული არჩევნები ჩატარდება, რომელიც მეცხრამეტე პარლამენტის (ქნესეთის) პარტიულ და ინდივიდუალურ შემადგენლობას განსაზღვრავს. ისრაელი საპარლამენტო დემოკრატიული ქვეყანაა, ამდენად აღმასრულებელი ორგანოს მეთაურს, პრემიერ მინისტრს ახლად არჩეული დეპუტატები თავიანთი რიგებიდან ირჩევენ.
     2. როგორ მიმდინარეობს არჩევნები ისრაელში?
    ქნესეთის შესახებ კანონის მეოთხე მუხლი არჩევნების თანამიმდევრობას შემდეგნაირად განმარტავს: "ქნესეთი ირჩევა საყოველთაო, ეროვნული, პირდაპირი, თანაბარი, ფარული და პროპორციული არჩევნების გზით, ქნესეთის არჩევის შესახებ კანონის შესაბამისად".
    საყოველთაო არჩევნები – ისრაელის თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში მიუხედავად მისი ეროვნების, აღმსარებლობის, სქესის და ქონებრივი მდგომარეობისა.
    ეროვნული არჩევნები – მთელი ქვეყანა ერთი საარჩევნო ოლქია. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესაბამისად, ქნესეთის დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგენენ პარტიებს და არა რეგიონულ ან ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს.
    პირდაპირი არჩევნები – ამომრჩევლები ისრაელის პარლამენტს პირდაპირი გზით ირჩევენ და არა "ელექტორული კოლეგიის" ან სხვა შუამავალი ორგანოს მეშვეობით. არჩევნების დღეს ამომრჩევლები საარჩევნო ყუთში თითო ბიულეტენს აგდებენ და ირჩევენ პარტიას, რომელსაც ქნესეთში საკუთარ ინტერესებს ანდობენ.
    თანაბარი არჩევნები – ყველა ამომრჩევლის ხმას თანაბარი ძალა აქვს.
    ფარული არჩევნები – ხმის მიცემა ტარდება პირობებში, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს არჩევანის ფარულად დაფიქსირების საშუალებას აძლევს. ბიულეტენი საარჩევნო ყუთში დახურული კონვერტით თავსდება.
    პროპორციული არჩევნები – ქნესეთის 120 ადგილი თითოეული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად ნაწილდება იმ პირობით, თუ ზემოხსენებული პარტია 2 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
    3. შეუძლიათ თუ არა ხმის მიცემა ჯარისკაცებს? ავადმყოფებს? ინვალიდებს? პატიმრებს?
    არჩევანის უფლება ისრაელის მოქალაქის ხელშეუხებელი უფლებაა. საჯარისო დანაყოფებში, საავადმყოფოებსა და საპატიმროებში არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებს დგამენ. ინვალიდებს, რომლებიც დამოუკიდებლად ან ახლობლებისა თუ სამედიცინო პერსონალის დახმარებით გადაადგილდებიან, ხმის მიცემა ისრაელის 1549 სპეციალურად აღჭურვილ უბანზე შეუძლიათ.
    4. შეუძლიათ თუ არა ხმის მიცემა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან?
    არა. ისრაელის კანონმდებლობით, ისრაელის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას შეუძლიათ. გამონაკლისია დაშვებული მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სახელმწიფო სტრუქტურებიდან არიან წარგზავნილნი (დიპლომატები და ა.შ.). მათ არჩევანის დაფიქსირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ 96 საელჩოსა და საკონსულოში ან იმ გემებზე შეუძლიათ, რომლებზეც ისრაელის დროშაა აღმართული.
    5. როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი?
    პირველი საპარლამენტო არჩენების შემდეგ (რომელიც 1947 წელს ისრაელში მასობრივი იმიგრაციისა და ივრითული თუ არაბული წერა–კითხვის უცოდინრობის ფონზე ჩატარდა), ისრაელის საარჩევნო პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებულია. საარჩევნო კაბინაში შესვლის შემდეგ ამომრჩეველი ქაღალდის ერთ ფურცელს ირჩევს, რომელიც მისთვის სასურველ პარტიას აღნიშნავს, დებს ფურცელს კონვერტში და მას საარჩევნო ყუთში ათავსებს. მომავალ არჩევნებზე ისრაელში 10 ათასი საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი.
    6. როგორ ებრძვიან გაყალბებას?
    საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა წარადგინოს ჩამოთვლილიდან ერთი საბუთი:
    პირადობის დამადასტურებელი ბარათი (ივრითზე "თეუდათ ზეუთ"), რომელსაც ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 წლის მოქალაქეებისთვის გასცემს;
    პასპორტი;
    მართვის მოწმობა;
    ქნესეთის დეპუტატობის დამადასტურებელი მოწმობა;
    ყველა ეს დოკუმენტი ფოტოსურათით გაიცემა. შინაგან საქმეთა მინისტრი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აძლევს უფლებას მოქალაქეებს, არჩევნებზე წარადგინონ საბუთი, რომელსაც ფოტო არ ახლავს (მაგალითად, ეს უფლება ეძლევათ მუსულმან ქალებს, რომლებიც ჩადრს ატარებენ)
     
    7. როგორ მიმდინარეობს არჩევნების დღე?
    არჩევნების დღე ისრაელში დასვენების დღედ ცხადდება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება, საკუთარი არჩევანი მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დააფიქსიროს. მოქალაქეებს, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან მოშორებით იმყოფებიან, შეუძლიათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ გამოიყენონ.
    საარჩევნო უბნების უმრავლესობა 22 იანვარს დილის 7 საათიდან 22 სააათამდე იქნება გახსნილი. მწირად დასახლებულ პუნქტებში, საავადმყოფოებსა და საპატიმროებში უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და 20 საათამდე იმუშავებს. რომელიმე უბანზე ასპროცენტიანი მონაწილეობის შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის შეთანხმების შედეგად, იგი შეიძლება, ვადაზე ადრე დაიხუროს.
    ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიურ მისიებში და გემებზე, რომლებიც ისრაელის დროშის ქვეშ ცურავენ, ხმის მიცემა არჩევნებამდე 12 დღით ადრე შედგება, რათა ყუთები ისრაელის ცესკოში დროულად ჩავიდეს; სამხედრო სამსახურში მყოფი პირების ხმების მიღება კი არჩევნების დღემდე 72 საათით ადრე უნდა იყოს დასრულებული.
    8. როდის იმართება ისრაელში არჩევნები?
    კანონის თანახმად, ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. გამონაკლისია განსაკუთრებული სიტუაციები:
    თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას დაშლის შესახებ;
    თუ ფინანსური წლის პირველი კვარტლის განმავლობაში პარლამენტი ვერ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს; 
    თუ პრემიერ მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ;
    თუ დეპუტატები უნდობლობას გამოუცხადებენ მთავრობას და დათქმულ ვადაში ვერ შეძლებენ ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას.
    მოქმედ პარლამენტს ასევე აქვს უფლება, განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ხმათა უმრავლესობით (80 ხმა) გაიგრძელოს კადენცია 4 წელზე მეტი ვადით. ისრაელის ისტორიაში ეს ერთადერთხელ, 1973 წელს მოხდა, როდესაც მერვე მოწვევის ქნესეთის არჩევნები განსჯის დღის ომის გამო ორი თვით გადაიდო.
    ისრაელის მთავრობის კადენცია ქნესეთისას ემთხვევა და 4 წელიწადს გრძელდება, თუმცა, იგი შეიძლება, შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ მინისტრი ვერ მოახერხებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას გარდაცვალების, გადადგომის, მუდმივი ქმედითუუნარობის, იმპიჩმეტისა თუ დეპუტატობის შეწყვეტის შემთხვევაში. ასეა თუ ისე, ხშირ შემთხვევაში, მოქმედ მთავრობას შეუძლია, პრემიერ მინისტრად თავისი რომელიმე წევრი დანიშნოს, რომელიც, ამავდროულად ქნესეთის დეპუტატია.
    9. ვის შეუძლია, გახდეს დეპუტატობის კანდიდატი?
    დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება იყოს ისრაელის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც 21 წელი შეუსრულდა, გარდა შემთხვევებისა, როდესაც:
    ადამიანი მაღალ სახელმწიფოებრივ პოსტზეა დანიშნული (პრეზიდენტი, მთავარი რავინები, სახელმწიფო კონტროლიორი, მოსამართლეები, თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსი და უმაღლესი ოფიცრები) და კანონით გათვალისწინებულ ვადაში საკუთარი პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
    ადამიანებს ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპუტატობის კანდიდატად ყოფნის უფლება ჩამორთმეული აქვს.
    ქნესეთის შესახებ კანონის თანახმად, ისრაელის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, პარტიულ სიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, თუ პარტიის ოფიციალური განცხადება ან მიზნები შეიცავს:
    ისრაელის, როგორც ებრაელი ხალხის სახელმწიფოს არსებობის უფლების უარყოფას;
    ისრაელის სახელმწიფოს დემოკრატიული ხასიათის უარყოფას;
    რასიზმისკენ წაქეზებას.
    ცესკოს გადაწყვეტილება, შეიძლება, ისრაელის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს.
    10. ვის ირჩევენ ისრაელის მოქალაქეები – კანდიდატებს თუ პარტიებს?
    ისრაელის საარჩევნო სისტემის ფარგლებში, მოქალაქეები ხმას აძლევენ პარტიულ სიებს, რომლებსაც თავად პარტიები ადგენენ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არეგისტრირებენ. მეცხრამეტე მოწვევის ქნესეთის არჩევნებში სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე 34 პარტია მონაწილეობს.
    11. რა არის ცესკო?
    ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ცესკოს თავმჯდომარე ისრაელის უზენაესი სასამართლოს წევრი უნდა იყოს (მოცემულ მომენტში ამ პოზიციაზე უზენაესი მოსამართლე ელიაკიმ რუბენშტეინია დანიშნული), კომისიის წევრებად კი წარმავალი ქნესეთის ყველა პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლები ინიშნებიან.
     
    ცესკო აყალიბებს და ამტკიცებს რეგიონულ საარჩევნო კომისიებს, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივი კომისიების მუშაობას აკონტროლებენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრობა შეუძლია ისრაელის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა.
    12. როგორ ფინანსდება საარჩევნო კამპანია
    ისრაელის სახელმწიფო პარტიული ხარჯების დიდ ნაწილს აფინანსებს, ფრაქციების არასაბიუჯეტო შემოსავალი მისი ფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. პარტიების ფინანსირების შესახებ არსებული კანონის მიხედვით, წინარე პარლამეტში მოპოვებული ყოველი ადგილისთვის ფრაქცია თითო "ფინანსურ ერთეულს" იღებს, რასაც ემატება კიდევ ერთი "ერთეულის" ნახევარი ახალ ქნესეთში მიღებული ადგილისთვის და ერთი სრული დამატებითი "ფინანსური ერთეული".
    მოცემული მომენტისთვის ერთი "ფინანსური ერთეული" 1.34 მილიონ შეკელს შეადგენს (დაახლოებით, 350 ათასი აშშ დოლარი). პარტიები, რომლებიც პირველად ხვდებიან პარლამენტში, დაფინანსებას ახალ ქნესეთში მოხვედრილი დეპუტატების რაოდენობის მიხედვით იღებენ. 2009 წლის არჩევნებზე პარტიების საფინანსო სრულმა თანხამ 160 მილიონი შეკელი (38 მილიონი დოლარი) შეადგინა.
     
    იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო პარტიული ხარჯების დიდ ნაწილს აფინანსებს, ისრაელის კანონით, პოლიტიკური შეწირულობები მკაცრად შეზღუდულია. ასე, მაგალითად, ერთ ოჯახს შეუძლია, პოლიტიკურ პარტიას არასაარჩევნო წელს 2300 შეკელი (600 აშშ დოლარი) ან ნაკლები გადაურიცხოს, საარჩევნო წელს კი არაუმეტეს 100 შეკელისა. პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება ადამიანებისგან (ან კორპორაციებისგან), რომლებიც არ არიან ისრაელის მოქალაქეები და/ან არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.
    13. როგორ იმართება წინასაარჩევნო კამპანია?
    ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად, ისრაელის კანონი პარტიებს ტელევიზიასა და რადიოში სარეკლამო დროის ყიდვას უკრძალავს. სანაცვლოდ, ყველა მათგანს გარკვეული საეთერო დრო უფასოდ ეთმობა. წინასაარჩევნო პროპაგანდის ტრანსლაციები არჩევნებამდე 21 დღით ადრე იწყება.
     
    კანონით განსაზღვრულია პოლიტიკური რეკლამის ტრანსლაციის დრო, ხანგრძლივობა და შინაარსი. არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტია იღებს სატელევიზიო დროის 7 წუთს, რადიოში კი – 15 წუთს. წარმავალ ქნესეთში შემავალი პარტიები თითოეულ დეპუტატზე 2 წუთს იღებენ ტელევიზიაში და 4 წუთს – რადიოში.
    14. ვინ ირჩევა პრემიერ მინისტრად?
    ისრაელის პრემიერ მინისტრად შეიძლება, მხოლოდ ახლადარჩეული ქნესეთის ერთ–ერთი წევრი იქნეს არჩეული. სახელმწიფოს მეთაური – ისრაელის პრეზიდენტი (დღესდღეობით შიმონ პერესი) – კოალიციური მთავრობის ფორმირებას იმ დეპუტატს ავალებს, რომელსაც ამ დავალების შესრულების ყველაზე მეტი შანსი აქვს (როგორც წესი, საუბარია ერთ–ერთი პარტიის ლიდერზე, რომელიც სხვა ფრაქციებისგან ყველაზე მეტ რეკომენდაციას მიიღებს).
    1996–2001 წლებში ისრაელში მთავრობის მეთაურის პირდაპირი არჩევნების სისტემა მუშაობდა. ასეთი არჩევნები სულ სამჯერ გაიმართა – 1996, 1999 და 2001 წლებში, თუმცა მოგვიანებით მასზე უარი თქვეს.
    15. როგორ ყალიბდება მთავრობა?
    ისრაელის მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) ებრაული სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოა, რომელსაც ქვეყნის შინა და გარე საქმიანობის მართვა ევალება. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად არსებობს შანსი, რომელიმე პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვოს, ისრაელის არსებობის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, შესაბამისად, ისრაელის მთავრობა ყოველთვის ორი ან მეტი პარტიის კოალიციას წარმოადგენს.
     
     
  •