Wallenberg Commemorated

რაულ ვალენბერგის ხსოვნის დღეები საქართველოში

  •   თბილისში რაულ ვალენბერგისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეები გაიმართა
  •    

    18 და 19 აპრილს ისრაელის, უნგრეთისა და შვედეთის საელჩოების თაოსნობით ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ებრაელების ხსოვნისა და რაულ ვალენბერგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერია გაიმართა.

     
    18 აპრილს ევროპის სახლში რაულ ვალენბერგის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც 22 აპრილამდე გაგრძელდება.

  • icon_zoom.png
    Raoul Wallenberg Raoul Wallenberg
     
     

    იმავე დღეს გაიმართა სემინარი სახელწოდებით „რაულ ვალენბერგი და ჰოლოკოსტის მსხვერპლნი“. გამომსვლელები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ბატონი გიორგი ტუღუში და ქალაქ ლუნდში არსებული რაულ ვალენბერგის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი მარი ტუმა. სემინარს დაესწრნენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო   ორგანიზაციების წარმომადგენლები, უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები და საქართველოს სხვადასხვა არქივებისა და მუზეუმების თანამშრომლები. სემინარი რაულ ვალენბერგის შესახებ გადაღებული 9 წუთიანი უნგრული დოკუმენტური ფილმით გაიხსნა.

     
    6 საათზე რაულ ვალენბერგისა და ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სანთლების დანთების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრები დაესწრნენ. პირველი სანთელი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაანთო.
     
    მოგვიანებით შვედური ფილმის, „საღამო მშვიდობისა ბატონო ვალენბერგ“ ჩვენება გაიმართა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

     

    19 აპრილს ნოდარ დუმბაძის სახელობის „მზიურის“ პარკში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ისრაელის და უნგრეთის სრულუფლებიანმა ელჩებმა, ბატონმა იცხაკ გერბერგმა და შანდორ საბომ და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ოსა პუსარდმა ზეთისხილის ხეები დარგეს.
     
    –––

     

     
    შვედი დიპლომატი და ბიზნესმენი ვალენბერგი ბუდაპეშტში შვედეთის დიპლომატიური მისიის მეორე მდივნად 1944 წლის ივნისში დაინიშნა. მისი უმთავრესი საქმიანობა ებრაელების გადასარჩენი ოპერაციის მეთაურობა იყო. დამცავი შვედური პასპორტების გაცემითა და სპეციალური შენობების, „შვედური სახლების“ დაქირავებით, რომელთაც ებრაელები უნდა შეეფარებინა, მან ათასობით უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინა.
    1945 წლის იანვარში ვალენბერგი საბჭოთა სამხედროებმა დააკავეს. მისი ბედი დღემდე ბურუსითაა მოცული. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ იგი 1947 წელს საბჭოთა ციხეში გარდაიცვალა, თუმცა არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, ვალენბერგი გაცილებით დიდხანს ცოცხლობდა.
    არცთუ ბევრ შვედს მიუღია ისეთი საერთაშორისო აღიარება და ყურადღება, როგორც რაულ ვალენბერგს. 1981 წელს იგი რიგით მეორე ადამიანი გახდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ასეთი პატივი საერთო ჯამში, შვიდ პიროვნებას ხვდა წილად – მათ შორის არიან უინსტონ ჩერჩილი და დედა ტერეზა. 1985 წელს ვალენბერგი საპატიო მოქალაქედ კანადამ სცნო, 1986 წელს კი – ისრაელმა.
     
    მთელს მსოფლიოში ვალენბერგისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტი, ძეგლი და მემორიალი არსებობს. მისი ხსოვნა უკვდავქმნილია წიგნებში, მუსიკალურ ნაწარმოებებსა თუ ფილმებში; მის სახელს ატარებს შენობები, მოედნები, ქუჩები, სკოლები თუ სხვა დაწესებულებები.

     

     
  •