პრემიერ ნეთანიაჰუსა და პრემიერ ივანიშვილის განცხადებები

პმ ნეთანიაჰუსა და პმ ივანიშვილის განცხადებები

  •   პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუსა და პრემიერ მინისტრი ივანიშვილის განცხადებები
  •    
    იმედი გვაქვს, რომ მშვიდობა დამყარდება. ჭეშმარიტი მშვიდობა, რომელიც მხოლოდ უპირობო მოლაპარაკებების მეშვეობით მიიღწევა. ასეთი მოლაპარაკებების დასაწყებად მზად ვართ და იმედია, პალესტინელებიც ასევე ფიქრობენ.
  • PM Netanyahu greeting PM Ivanishvili in Jerusalem Photo: Amos BenGershon/GPO
     
    პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ:
     
    "პრემიერ მინისტრო, უაღრესად სასიამოვნოა აქ, იერუსალიმში თქვენი მიღება. ჩვენს შეხვედრას გულით ველოდი. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის გასაგრძელებლად. ჩვენ გვსურს, ყოველმხრივ გავაფართოვოთ ურთიერთობა – როგორც ვაჭრობის, ისე სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროებში, რაც გააძლიერებს იმ ადამიანურ ხიდს, რომელიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს. ისრაელში საქართველოდან ჩამოსული ამაყი ებრაული თემი გვყავს, რომელიც თქვენს ქვეყანაში ათასობით წელიწადს ცხოვრობდა. ამას გარდა, ჩვენი ქვეყნები ახალგაზრდა სახელმწიფოებია, რომლებსაც ღრმა და თავისთავადი მეგობრობა აკავშირებთ.
     
    ჩვენს რეგიონებში სტაბილურობა და მშვიდობა ყოველ ჩვენგანს სურს. ჩვენს წინაშე უდიდესი საფრთხეებია, რომლებიც ირანიდან ან სხვა მახლობელი მხარეებიდან მოდის. თქვენთან ამ საკითხის განხილვაც მსურს.
     
    იმედი გვაქვს, რომ მშვიდობა დამყარდება. ჭეშმარიტი მშვიდობა, რომელიც მხოლოდ უპირობო მოლაპარაკებების მეშვეობით მიიღწევა. ასეთი მოლაპარაკებების დასაწყებად მზად ვართ და იმედია, პალესტინელებიც ასევე ფიქრობენ. უნდა ამოგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ მოლაპარაკებების დაწყება და ნუსხაში ჩანიშვნა არ არის, "აი, მოლაპარაკებები დავიწყეთო". ჩვენი მიზანი ამ მოლაპარაკებების ხანგრძლივად შენარჩუნებაა, რომლის დროსაც ყველა საკითხის გადაწყვეტას შევეჭიდებით დ იმ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც კონფლიქტის ძირეული პრობლემებიდან გამოსავალს გვაპოვნინებს.
     
    ამას დრო, ძალისხმევა და სისტემური მიდგომა დასჭირდება და იმედი მაქვს, რომ პალესტინელებიც იგივე განწყობით იქნებიან. ეს არის ჩვენი მოსაზრება და იმედია, მას ისინიც იზიარებენ.
     
    ასეა თუ ისე, ამ და სხვა საკითხების განხილვას თქვენთან სულმოუთქმელად ველი და კიდევ ერთხელ მოგესალმებით იერუსალიმში, პრემიერ მინისტრო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".
     
    საქართველოს პრემიერ მინისტრი ივანიშვილი:
     
    "გმადლობთ, ძალიან დიდი მადლობა,
     
    დღემდე არ მომეცა საშუალება, ჩვენს მეგობარ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ვწვეოდი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ძმობა მრავალ საუკუნეს ითვლის. ჩვენი ვალია, ეს მეგობრობა და მრავალსაუკუნოვანი თანამშრომლობა შევინარჩუნოთ და ჩვენს ქვეყნებს შორის იდეალური ურთიერთობა დავამყაროთ.
     
    ჩვენ ჭეშმარიტად გვიყვარს და ვაფასებთ ებრაელ ერს და ისრაელის სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი ძალებს არ იშურებს, რათა ჩვენმა თანამშრომლობამ მწვერვალს მიაღწიოს. რასაკვირველია, დიდი სურვილი გვაქვს, გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება მრავალ დარგში, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, თუ ამის ორმხრივი სურვილი და მზაობა იქნება. ჩვენი მიზანია, სავაჭრო უერთიერთობის გაღრმავება და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება.
     
    რასაკვირველია, უაღრესად მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თანამშრომლობაც. ისრაელი ამ ფენომენის წინააღმდეგ მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძვის და ჭეშმარიტად იმსახურებს ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას. ძალებს არ დავიშურებთ, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრთან თანამშრომლობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს ეკონომიკის დარგში და ვფიქრობ, პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში უცილობლად წარმატებას მივაღწევთ.
     
    კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!"
     
    ისრაელის პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადება საქართველოს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით
    პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ პატივისცემა გამოხატა ორ ქვეყანასა და ერს შორის არსებული ბრწყინვალე ურთიერთობისა და საქართველოში ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორიის მიმართ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ებრაელებს დიდი წვლილი მიუძღვით ორი ერის ისტორიული ურთიერთობის ჩამოყალიბების საქმეში.
    შეხვედრის დროს პრემიერ მინისტრებმა ნეთანიაჰუმ და ივანიშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების სურვილი გამოხატეს როგორ პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.
    პრემიერ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის უნდა გაძლიერდეს კონსულტაციები სამინისტროების, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე, რათა დაცული იქნას საერთო ინტერესები, მათ შორის, უზრუნველყოფილ იქნას კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა და რეგიონული სტაბილურობა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილება და ტერორიზმთან ბრძოლა.
    პრემიერ მინისტრებმა ასევე გადაწყვიტეს, შეიქმნას ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრემიერ მინისტრები კომისიის თავმჯდომარეებად საგარეო საქმეთა მინისტრებს დანიშნავენ.
    პრემიერ მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობაში არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ამ სფეროში შესაბამისი შეთანხმებები უნდა განახლდეს და გაღრმავდეს. პრემიერ მინისტრებმა კმაყოფილება გამოხატეს მთავრობათაშორისი კულტურული თანამშრომლობის 2013–2015 წლის პროგრამის მიმართ.
    პრემიერ მინისტრებმა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი ერთგულებაზეც ისაუბრეს.
    პრემიერ მინისტრები სრულად ემხრობიან თანამშრომლობის გაზრდას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში და სამომავლოდ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრეს.  
     
  •