ძმებო და დებო,
დიასპორაში მცხოვრები ებრაული თემის ლიდერებო და მეგობრებო,
ებრაული ტრადიციის მიხედვით, როშ ჰაშანა პირადი, თემისა და ეროვნული სულიერების ძიების პერიოდია. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ძირეულ საკითხებზე ფიქრი სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ოთხი ახალგაზრდის, ნაფტალის, გილადის, ეიალისა და მუჰამედის გატაცებისა და სამხრეთ ისრაელში მიმდინარე კამპანიის გამო ისრაელის მოქალაქეები და ლიდერები ურთულესი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: საკუთარი სახლები და მიწა დაიცვან თუ უდანაშაულო ადამიანებზე იზრუნონ? ისრაელი ვალდებული იყო, ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან წამოსულ ტერორზე სათანადო პასუხი გაეცა და არც ებრაული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ღირებულებები დაეკარგა, დაეცვა საკუთარი მოქალაქეების, როგორც ებრაელების, ასევე, არაბების თანასწორუფლებიანობისა და ღირსების პრინციპები.
ისრაელის გამძლეობა სამხედრო ძალაზე არ არის დაფუძნებული, იგი ლიბერალური, დემოკრატიული, ებრაული ღირებულებებიდან იღებს სათავეს, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ვეყრდნობით.
ისრაელის მთავრობა და საზოგადოება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საზოგადოებრივი გამბედაობით გამოირჩევა როგორც ყოველდღიურ, ასევე კრიზისულ სიტუაციებში.
ოპერაცია "თავდაცვის ზღვარის" მიმდინარეობისას თვალნათლივ ჩანდა, რომ ისრაელი ბრძოლის ველზე მარტო არ იდგა. თავისუფალი სამყაროს ლიდერები და ებრაული მოძრაობისა თუ თემების წარმომადგენლები მხარდამხარ იდგნენ ისრაელთან, რათა დაეცვათ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნებისა და სამხრეთის დასახლებებში მშვიდობის აღსადგენის უფლება, რომელიც ისრაელის მსგავსად, ნებისმიერ ქვეყანას აქვს.
ახალი წლის წინა დღეებში, მინდა, მადლობა გადავუხადო ებრაული თემების ლიდერებსა და წარმომადგენლებს ისრაელის სამხედროებისა და მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, კვლავაც ერთად შევეჭიდებით გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებაც ებრაელ ხალხს მოუწევს როგორც ისრაელში, ასევე – დიასპორაში.
ძვირფასო მეგობრებო,
მომავალი წელი ებრაული ტრადიციით, "შმიტა" წელია, რომლის დროსაც მიწამაც და ადამიანებმაც უნდა დაისვენონ. "შმიტას" დროს ეკონომიკური რბოლა და პირველობისათვის ბრძოლა უნდა შევარბილოთ და ადამიანებში სულიერების ძიება უნდა დავიწყოთ. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ წელიწადს ჩვენს გულებში თანაგრძნობამ, დიდსულოვნებამ და ურთიერთპასუხისმგებლობამ დაიბუდოს. დაე, მომავალმა წელიწადმა ბედნიერება და მრავალფეროვანი ებრაულ ხმების ჰარმონია მოგვიტანოს, რომელიც ყოველ ჩვენგანს ერთ ოჯახად, ერთ თემად და ერთ ერად გვაქცევს.
כתיבה וחתימה טובה!
შანა ტოვა ვე'მეტუკა
რუვენ (რუვი) რივლინი