აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი:
"ყველამ კარგად იცით, რომ პალესტინა–ისრაელის კონფლიქტის დასასრულისკენ მიმავალი გზის ამ ეტაპამდე მოსასვლელად დიდი ძალისხმევა და დრო დაგვჭირდა. პრეზიდენტმა ობამამ ეს პროცესი წლეულს, გაზაფხულზე თავისი ისტორიული ვიზიტის დროს დაიწყო, როდესაც აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარება რეალური და აუცილებელია. მაშინ მან არა მხოლოდ ლიდერებს, არამედ ორივე მხარის მოქალაქეებსაც მიმართა, რომლებსაც თავიანთი შვილებისა და ერებისთვის უკეთესი მომავალი უნდათ.
დღეს დილით თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასა და ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენთან უაღრესად პოზიტიური შეხვედრა შედგა და მინდა, პრეზიდენტს მისი აქტიური და პირადი თანადგომისათვის, მადლობა გადავუხადო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ და პრეზიდენტმა აბასმა ჭეშმარიტი ლიდერებისთვის დამახასიათებელი მხნეობა გამოიჩინეს, რამაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შესაძლებელი გახადა. მე დიდად ვაფასებ იმ ურთულეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ შესაძლო სამომავლო შიდაპოლიტიკური შედეგების მიუხედავად მიიღეს.
ვიცი, წინ რთული გზა გველის და სკეპტიკოსები ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ ისეთი ღირსეული პიროვნებების წყალობით, როგორებიც ქალბატონი ლივნი და დოქტორი არიკატი არიან, რომლებიც ახლა ჩემს გვერდით დგანან, გუშინ კი ტრადიციული ტრაპეზი "იფტარი" გავიზიარეთ; მათი ძალისხმევის, გამოცდილებისა და მიზანსწრაფულობის გამო წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
ახლა აქ ვართ, რადგან ისრაელისა და პალესტინის ერებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც მზად არიან, ისტორიის ძახილს ყური უგდონ. ლიდერები, რომლებიც მყარად იდგებიან საკუთარ პოზიციებზე, გაუძლებენ კრიტიკის ქარ–ცეცხლს და საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის იბრძოლებენ. მათი მზაობა რთული არჩევანის გასაკეთებლად ყოველ ჩვენგანს მატებს იმედს, რომ ეს მოლაპარაკებები რეალურ შედეგს გამოიღებს.
სიხარულით გაცნობებთ, რომ გუშინ საღამოს და დღეს ჩავატარეთ არაერთი კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა როგორც ამერიკელი წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე ორმხრივი შეხვედრები ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის. მხარეები სამომავლო დარეგულირების ძირეულ საკითხებზე მუდმივი, უწყვეტი და კონკრეტული დიალოგის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. ისინი ერთმანეთს ისრაელის თუ პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვდებიან და მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებენ.
განხილული იქნება ყველა საკითხი, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ეხება, უმთავრესი პრობლემები და სხვა თემები. დიალოგის მიზანი მარტივია – კონფლიქტის დასრულება და ორმხრივი პრეტენზიების შეწყვეტა. ჩვენი ამოცანა ამ პროცესის უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში დაგვირგვინებაა.
მოლაპარაკებები კონფიდენციალური დარჩება და მათი საჯაროდ კომენტირების უფლება მხოლოდ მე მექნება.
ამერიკის შეერთებული შტატები ორივე მხარესთან შუამავლის ფუნქციას შეასრულებს. ყველას კარგად გვესმის რომ ჩვენი მიზანი ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლური, მშვიდობიანი და უსაფრთხო არსებობაა; ორი სახელმწიფოსი, რადგან ორივე ამაყი ერი იმსახურებს საკუთარ ქვეყანას; ორი სახელმწიფოსი, რადგან ორივე ერის შვილებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ უსაფრთხო მომავალი და თავისუფლება. ორი სახელმწიფოსი, რადგან დადგა დრო, მყარი მშვიდობისათვის.
თვალწინ გვიდგას დღე, როდესაც პალესტინელები ბოლოს და ბოლოს, აისრულებენ ოცნებას, ჰქონდეთ აყვავებული ქვეყანა. ნოვატორულ ეკონომიკურ ინიციატივას, რომელზეც ახლო აღმოსავლეთის კვარტეტთან, ტონი ბლერთან და სხვებთან, ასევე კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ, შეუძლია გადატრიალება მოახდინოს პალესტინის ეკონომიკაში, გაუხსნას მას ახალი ბაზრები და გზა მისცეს უცხოურ ინვესტიციებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი სამუშაო ადგილები, ახალი სახლები, მრეწველობის ახალი დარგები, რომლებიც შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოში გაჩნდეს, მეზობელ ისრაელსაც სარგებელს მოუტანს.
ასევე თვალწინ გვიდგას დღე, როდესაც ისრაელელები რეალურ მშვიდობაში იცხოვრებენ –დამყარდება ხანგრძლივი მშვიდობა არაბულ და მუსულმანურ ქვეყნებდან, რითაც ბოლო მოეღება ისრაელის არსებობის უფლების შელახვის მცდელობებს. ისრაელელებსაც და პალესტინელებსაც უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები აქვთ.
თუ ვინმე გეტყვით, რომ ისრაელელები და პალესტინელები ვერ პოულობენ საერთო ენას და ვერ წყვეტენ პრობლემებს, არ დაუჯეროთ მათ. საკმარისია, შეხედოთ იმ სამუშაოს რომელსაც ისინი ერთად ასრულებენ. არსებობს უამრავი მიზეზი, რატომაც ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს და უმთავრესი უსაფრთხოების შენარჩუნებაა ისრაელის, პალესტინელების, იუდეველების, მუსულმანებისა თუ ქრისტიანებისთვის.
პროცესის თითოეული მონაწილე დამეთანხმება, რომ უფლება არ გვაქვს მომავალ თაობას გადავულოცოთ ის კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც დღეს შეგვიძლია.
კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობა ორი ერისთვის ორი სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნაა. სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ამ ამოცანის შესასრულებლად არცთუ დიდი დრო გვაქვს. მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ მშვიდობის დამყარება რეალობაა; უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ამ მიზანს ბოლომდე მივდიოთ, რათა ორი ქვეყნის ოცნება ახდეს".
ისრაელის ავტონომიის დელეგაციის მეთაური, დოქტორი საებ არიკატი:
"პრეზიდენტი მაჰმუდ აბასის დავალებით, მინდა, გამოვხატო ღრმა პატივისცემა პრეზიდენტი ბარაკ ობამასა და თქვენს მიმართ, სახელმწიფო მდივანო იმ ძალისხმევისა და ერთგულებისთვის, რომელსაც პალესტინასა და ისრაელს შორის სამართლიანი, საფუძვლიანი და მყარი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის მშენებლობისათვის არ იშურებთ.
პალესტინელები საკმარისად იტანჯნენ და ამ წამოწყებით არავინ ისარგებლებს იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ. მიხარია, რომ კონფლიქტის მოგვარებისათვის საჭირო ყველა საკითხი დღის განრიგშია შეტანილი და გამონაკლისის გარეშე, ყოველი მათგანის გადაწყვეტის გზები იქნება ნაპოვნი.
დროა, პალესტინელ ხალხს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ჰქონდეთ. დროა, პალესტინელებმა საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ მშვიდობით, თავისუფლად და ამაყად".
ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი:
ბატონო სახელმწიფო მდივანო, პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუს, ისრაელის მთავრობისა და სახელმწიფო ისრაელის სახელით მადლობას გიხდით სიმტკიცის, პრინციპულობისა და იმ სიტყვებისთვის, რომლებიც მითხარით – "წარუმატებლობა ჩვენთვის მისაღები ვარიანტი არაა". დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ ეს მართლაც ასეა და დაგვანახეთ, რომ ჭეშმარიტ რწმენას წინ ვერაფერი აღუდგება.
ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ობამას ისრაელში მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში პირადი ჩართულობისათვის. ისრაელელ ხალხს დღემდე ახსოვს ის შთაბეჭდილება, რომელიც პრეზიდენტის ვიზიტმა მოახდინა. ჩვენ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჩამოვედით აქ რეგიონიდან, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და დღითი დღე ჩვენს თვალწინ იცვლება. იმედს არასდროს ვკარგავთ, მაგრამ არც გულუბრყვილოები ვართ, რადგან ჩვენს რეგიონში ამის უფლება არ გაგვაჩნია. ჩვენ ჩვენი ერების წინაშე ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მათ უსაფრთხოებასა და ოცნებებს საფუძველი შევუქმნათ.
ჩვენს აქ ჩამოსასვლელად მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა არ იყო საკმარისი. აქ პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუსა და ისრაელის ხელისუფლების მამაცი გადაწყვეტილების წყალობით შევიკრიბეთ. ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მოლაპარაკებების განმავლობაში წარსულზე კამათს არ ვაპირებთ და მომავალზე ვიქნებით კონცენტრირებულნი.
საიბ, კარგად მოგეხსენებათ, რომ მოსალაპარაკებელ დარბაზებში დიდი დრო გვაქვს გატარებული. მართალია, ჩიხში არ შესულა ეს დიალოგი, მაგრამ ვერც ჩვენი მისიის შესრულება მოვახერხეთ. ამჯერად კი სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. დღეს ახალი შესაძლებლობები გვეძლევა და მათი ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს. იმედია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და დიალოგის განახლება იმედის ნაპერწკალს გააჩენს, რომელიც ცინიზმისა და პესიმიზმის ხლართებიდან გამოსავალს გვაპოვნინებს.
მიმაჩნია, რომ ისტორიას ცინიკოსები კი არა, რეალისტები ქმნიან, რომლებსაც ოცნების არ ეშინიათ. მოდით, ვიყოთ რეალისტები. მადლობა".