ისრაელის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა
-
-
9/3/2013
GovXShortDescription
ძვირფასო მეგობრებო,
ისრაელელი ხალხისა და სრულიად ისრაელის სახელით, მინდა, საუკეთესო სურვილებით მივმართო ებრაულ თემს მთელ მსოფლიოში და მივულოცო ახალი წელი – ახალი დასაწყისი – რომელიც, იმედია, მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ აღორძინებას და დიდი მიღწევებისაკენ მიმავალ შესაძლებლობებს მოგვიტანს.
როშ ჰაშანას დადგომამდე არცთუ დიდი ხნის წინ, ისრაელელები და პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, რაც მომავალი წლისათვის ოპტიმიზმს გვმატებს. იმედი გვაქვს და ვლოცულობთ, ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, ველით და რომელიც თითოეული ჩვენგანის ნათელი მომავლისთვის აუცილებელ მშვიდობას მოგვიტანს.
-
-
President Shimon Peres
: GPO
|
GovXContentSection
ახლო აღმოსავლეთში მომხდარი რადიკალური ცვლილებებისგან გამოწვეული ქარბორბალა ჯერ არ ჩამდგარა. იმედია, ეს არასტაბილური პერიოდი გააჩენს შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს თავისუფლებასა და წარმატებას მოუტანს და ჩვენს რეგიონს იმედიანი დღე გაუთენდება. ამ არეულ დროს ისრაელი აბობოქრებულ ზღვაში სტაბილურობის კუნძულად რჩება და კვლავინდებურად მძლავრად უპირისპირდება სირთულეებს – იქნება ეს ტერორი, ირანის ბირთვული ამბიციები თუ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული დაბომბვები. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ქარიშხალი ჩადგეს, თუმცა ამავდროულად, ჩვენი კუნძულის დასაცავად შეუვალ ფარად ვდგავართ.
ისრაელი მიღწეულით არ კმაყოფილდება და უნიკალური ადამიანური რესურსის წყალობით მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მედიცინის ახალი დარგების განვითარებას აგრძელებს. ისრაელმა ინოვაციური დ აკრეატიული მიღწევების წყალობით შეძლო, მოეძებნა წყლისა და საკვები პროდუქტების ნაკლებობის პრობლემის გამოსავალი, რითაც მსოფლიოს უამრავი თემი შვებას იგრძნობს. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ადამიანის ტვინის კვლევაში, რასაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ასევე, ვიკვლევთ ღია კოსმოსს და ოკეანის ფსკერს, რაც ნათელს ფენს ჩვენი სამყაროს უამრავ საიდუმლოებას.
მართალია, უამრავ პრობლემასთან გამკლავება გვიწევს, მაგრამ ჩვენს ძალაში დარწმუნებულნი ვართ და მტკიცე ნაბიჯით მივიწევთ ჩვენი მიზნისკენ. ებრაული თემის ისრაელთან კავშირისა და ერთმანეთის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის გამო ვიცით, რომ ამ მისიის შესრულების საქმეში მარტონი არ ვართ. უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართულობა და იმედია, თითოეული ახალგაზრდა გვერდით დაგვიდგება, რათა ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი. უკეთესი სამყაროს შექმნას აუცილებლად შევძლებთ – თიკუნ ოლამ – და ავაშენებთ ისრაელს მორალურ საწყისებზე, რაც ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.
მთელი მსოფლიოს ებრაულ თემებს იერუსალიმიდან ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას.
შანა ტოვა უ'მეთუკა!
შიმონ პერესი
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-