გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის მოსვლით ირანს ბირთვული იარაღის წარმოებაზე უარი არ უთქვამს. მან ასევე დასძინა, რომ ისრაელს პალესტინასთან მშვიდობა სურს, რომელიც უსაფრთხოებასა და ორმხრივი აღიარების პოლიტიკას დაეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც "პალესტინის დემილიტარიზებული სახელმწიფო" ისრაელის ებრაულ სახელმწიფოს აღიარებს.
"კვლავინდებურად ვემხრობი შერიგებისა და ისრაელელებისა და პალესტინელების უკეთესი მომავლის შექმნის იდეას, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, –მშვიდობის დასამყარებლად პალესტინელებმა ბოლოს და ბოლოს, ებრაული სახელმწიფო უნდა აღიარონ და ისრაელის უსაფრთხოების პირობები დაიცვან".
ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მისი წინამორბედის მსგავსად "რეჟიმის ერთგული მსახურია", რომელშიც იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და ერთ ერთი სულისჩამდგმელი იყო "სტრატეგიისა, რომელმაც ირანს საშუალება მისცა, განევითარებინა ბირთვული იარაღის პროგრამა დიპლომატიური აქტიურობისა და დამამშვიდებელი რიტორიკის ფარდის მიღმა".
"როუჰანი ცხვრის ტყავს ამოფარებული მგელია", – განაცხადა პრემიერმა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელს ახალი პრეზიდენტის სიტყვების დაჯერება გულით სურს, თუმცა იძულებულია, ირანის ქმედებებზე იყოს კონცენტრირებული.
"დღეს ჩვენს სამომავლო იმედებს ატომური იარაღის მქონე ირანი უქმნის საფრთხეს, რომელიც ჩვენს განადგურებას ისახავს მიზნად. ბირთვული იარაღის ირანის ხელში მოხვედრის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ჩრდილოეთ კორეა ჩამოყალიბდენა. ირანი 50 ჩრდილოეთ კორეის ტოლფასი იქნება".
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველას ირანისთვის ატომური იარაღის პროგრამაზე უარის თქმის იძულება მოუწოდა, რისთვისაც ირანს ოთხი პირობის შესრულება მოუწევს: ურანის გამდიდრების ყველა სამუშაოს შეწყვეტა; ირანის ტერიტორიიდან უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის გატანა; ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია; პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორის შეჩერება.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ამ პირობების შესრულების იძულება არსებული სანქციების შენარჩუნებით და მათი შესაძლო გამკაცრების მუქარით არის შესაძლებელი.
გამოსვლის დროს ისრაელის პრემიერ მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ისტორიული მტრობა არ არსებობს. "სპარსეთის დიდმა მეფემ, სირუსმა დაახლოებით 2 500 წლის წინ გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც, ებრაელებს ისრაელის მიწაზე დაბრუნებისა და იერუსალიმში ებრაული ტაძრის აღდგენის საშუალება მიეცათ, რითაც ებრაელი ხალხის ბაბილონური განდევნა დასრულდა".