30 სექტემბერს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში ვიზიტისას შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ბატონო პრეზიდენტო, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჩემი და ჩემი დელეგაციის მიღებისთვის უდიდეს მადლობას მოგახსენებთ. დღეს ვაშინგტონში თქვენს სამუშაო მაგიდაზე უამრავი საქმე დევს, თუმცა მეც და ამერიკელმა ხალხმაც კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს საკმაოდ ფართო და სახიფათო მონაკვეთში ისრაელზე უკეთესი, სანდო, სტაბილური და დემოკრატიული მოკავშირე არ არსებობს.
სწორედ ამიტომ მივესალმები ამ შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც საერთო სირთულეებთან გამკლავების გზებზე საუბრის საშუალება გვაქვს. ამ სირთულეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის ხელის შეშლაა.
დიდად ვაფასებ ამ მიზნისადმი თქვენს ერთგულებას. მინდა, მადლობა მოგახსენოთ თქვენი განცხადებისთვის, რომლის თანახმადაც, ირანმა შემრიგებლური სიტყვების გარდა რეალური ქმედებები უნდა განახორციელოს – გამჭვირვალე, სარწმუნო და მნიშვნელოვანი ქმედებები.
ირანს ისრაელის განადგურება აქვს დასახული მიზნად, ამრიგად, ისრაელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ირანმა სამხედრო ბირთვული პროგრამა სრულად შეაჩეროს, რათა სამომავლო შეთანხმებებზე საუბარი შესაძლებელი გახდეს.
ამრიგად, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საქმეში. მჯერა, რომ სანქციები და სამხედრო მუქარა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ირანმა მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა გადაწყვიტოს.
ასევე მწამს, რომ იმისათვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს, ზემოხსენებული ზეწოლა არ უნდა შემცირდეს მანამ, სანამ რეალურ წარმატებას არ ვიხილავთ. მეტიც, ისრაელი დარწმუნებულია, რომ თუ ირანი მოლაპარაკებების პერიოდში ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს, სანქციები უნდა გამკაცრდეს კიდეც.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი შეხვედრის განმავლობაში მრავალი საკითხი განვიხილეთ, თუმცა მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა მოგახსენოთ თქვენ, სახელმწიფო მდივან ქერის და თქვენი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პალესტინა–ისრაელის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჩართულობისთვის. პირადად კვლავაც ერთგული ვრჩები მშვიდობისა. იმედია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმება უსაფრთხოებას და ხანგრძლივ მშვიდობას მოგვიტანს. ცნობილია, რომ მშვიდობისათვის აუცილებელია, ისრაელს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი საკუთარი ძალებით დაიცვას. იმედია, ისტორიული ტრანსფორმაციის მომსწრენი გავხდებით და ჩვენც და ჩვენს პალესტინელ მეზობლებსაც უკეთესი მომავალი გვექნება. ვინ იცის, იქნებ იგივეს სხვა მეზობლებთანაც მივაღწიოთ".