ძვირფასო მეგობრებო,
მთელს მსოფლიოში ებრაელები ახალი წელს აღნიშნავენ. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ჩვენი ერთიანობით. ებრაელი ერი ყოველთვის ერთად უპირისპირდება დიდ გამოწვევებს და გასული წელიწადიც გამონაკლისი არ ყოფილა.
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი სამი მოზარდი გაიტაცეს და სასტიკად დახოცეს, ჩვენი ქვეყნისკენ ათასობით ჭურვი გამოისროლეს და "თავდაცვის ზღვარის" ოპერაციისთვის ჩვენმა მამაცმა ახალგაზრდებმა და მათმა ოჯახებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს.
პრობლემების წინაშე ყოფნისას მსოფლიოს ებრაული თემებისგან მუდამ თანადგომას ვგრძნობდით. ისრაელელებმა კარგად ვიცით, რომ ეს პერიოდი ებრაული თემებისთვის ურთულესი იყო. თქვენ მზარდი და ძალადობრივი ანტისემიტიზმის წინაშე დგახართ.
ისრაელის მოქალაქეების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ კამპანიის მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს თავდაცვას და ყველა ისრაელელისთვის დამსახურებული უსაფრთხოების აღდგენას ემსახურებოდა. გარწმუნებთ, თქვენს გვერდით ვიდგებით ზიზღისა და ჩაგვრის დასაძლევად. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ებრაელები ღირსეულად და უშიშრად უნდა ცხოვრობდნენ.
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად როშ ჰაშანას ზეიმისას, ერთმანეთისადმი თავდადებასაც უნდა აღვნიშნავდეთ, რომელიც საერთო გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო ძალას მოგვცემს.
ისრაელს ბრწყინვალე, წარმატებული ისტორია აქვს. ებრაელ ერს საკუთარი სახლი აქვს, სადაც თავისუფლად ცხოვრება შეუძლია. ჩვენ ერთად ვაშენებთ დემოკრატიას, ძლიერ ეკონომიკას და გლობალური ტექნოლოგიების ცენტრს.
ახალ წელს ისრაელი კვლავინდებურად თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველად დარჩება არატოლერანტულ ეპოქაში; ისრაელი ყოველთვის ინოვაციების წყაროდ დარჩება მთელი პლანეტის საკეთილდღეოდ და აასრულებს მეზობლებთან უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების ოცნებას. ჩვენი ქვეყანა კვლავინდებურად იქნება ებრაელებისთვის სიამაყისა და ძლიერების სიმბოლო. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, დარწმუნებული ვარ, რომ ებრაელი ერის მომავალი იმედიანი იქნება.
ახალ წელს ეს ნამდვილად შესანიშნავი მიზეზია ზეიმისთვის. შანა ტოვა ყველას.