ისრაელის საფრთხეები
ისრაელის სახელმწიფო დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და საჭიროების შემთხვევაში, მძლავრად და უყოყმანოდ დაიცავს თავს. ჩვენს გარშემო უამრავი საფრთხეა. ერთხელ ერთმა კოლეგამ მკითხა, რატომ ამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდ საფრთხეშია მთელს მსოფლიოშიო. რატომ? იმიტომ რომ ეს სიმართლეა; იმიტომ რომ ისრაელის ქალაქებისკენ ათასობით ჭურვია მომართული და ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. არცერთი გადაწყვეტილება იდეალური არ იქნება, მაგრამ პრობლემას აუცილებლად უნდა შევეჭიდოთ.
ირანი
მაქსიმალური ძალისხმევით საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია უნდა მოვახერხოთ იმისათვის, რომ ირანმა ატომური ბომბის დამზადება ვერ შეძლოს. დღესდღეობით ირანს 180 კილოგრამზე მეტი 20%–მდე გამდიდრებული ურანი აქვს. ექვსიოდე თვის წინ 110 კილოგრამი ჰქონდა, დღეს კი ეს რიცხვი 180–მდე გაიზარდა. მათ ჯერ კიდევ არ გადაუკვეთიათ წითელი ხაზი, რომელიც გაეროს სხდომაზე წარვადგინე, მაგრამ დღითიდღე უახლოვდებიან მას.
ირანი, სირია და "ჰიზბოლა"
ქნესეთის წევრებო, კოლეგებო,
მინდა, თქვენი ყურადღება მივაპრო იმ მოვლენებისადმი, რომლებიც ახლახან მსოფლიოს სხვა კუთხეში განვითარდა, როდესაც მეამბოხე ერმა ატომურ ეპოქაში შეაბიჯა. არ შეიძლება, ირანის შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს. გთხოვთ, არავის ჰქონდეს ცრუ ილუზია, რომ ირანში არჩევნები რაიმეს შეცვლის. ატომური ბომბის მზადების პარალელურად ირანი სირიის, "ჰიზბოლას", "ჰამასისა" და "გლობალური ჯიჰადის" შეიარაღებას განაგრძობს. ისრაელი კვლავაც არ დაიშურებს ძალებს, რომ იარაღმა არ მიაღწიოს "ჰიზბოლამდე", "ჰამასამდე" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებამდე.
ამ განცხადებას ვაკეთებ აქ და იგივე მითქვამს მსოფლიოს ყველა ლიდერისთვის – პრეზიდენტი ობამასთვის იერუსალიმში ვიზიტისას, ჩინეთის პრეზიდენტისთვის, სი ძინპინისთვის პეკინში და რუსეთის პრეზიდენტის, პუტინისთვის სოჩაში გამართული შეხვედრისას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსოფლიოს ლიდერები სერიოზულად ეკიდებიან ჩვენს ნათქვამს, რადგან ჩვენს სიტყვებს ყოველთვის მაქსიმალურად ვამართლებთ.
სირიაში შექმნილი სიტუაცია უაღრესად დაძაბულია და თვალის დახამხამებაში იცვლება. ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეების საზარელი ხოცვის მომსწრენი ვართ და შეშფოთებულნი ვართ მოხსენებებით, რომელთა თანახმადაც, სირიის რეჟიმი ქიმიურ იარაღს იყენებს. როდესაც სახიფათო იარაღი სახიფათო დაჯგუფებების ხელთ ხვდება, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მათი არ გამოიყენებენ.
ჩვენ კარგად ვიცით ცნობილი ფრაზა: "თუ სპექტაკლის პირველ ნაწილში გამოჩნდა იარაღი, სავარაუდოდ, იგი მესამეშიც გამოჩნდება". სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მსგავსი იარაღი სახიფათო ხელში არ მოხვდეს.
პალესტინელები:
ისრაელის მოქალაქეებს უსაფრთხოება და მშვიდობა უნდათ, მეც უსაფრთხოება და მშვიდობა მსურს. აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ბატონ ქერის კვირაში რამოდენიმეჯერ ვესაუბრები. ვინც ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ფლობს, კარგად მოეხსენება, რომ ისრაელი არ არიდებს თავს მოლაპარაკებებს და მათი განახლების ხელშესაშლელ ბარიერებს არ ქმნის. არსებობს მხარე, რომელიც წინ მიიწევს, მეორე მხარე კი განუწყვეტლივ უკან დგამს ნაბიჯს ან თავის არიდებს მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები მათ დაწყებამდე არ იქნეს დასამარებული, არ უნდა იმართებოდეს მოლაპარაკებებს მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, არ უნდა იქნას წამოყენებული წინაპირობები. უბრალოდ უნდა დავიწყოთ თავად პროცესი.
გარდა ამისა, ჩვენ ნებისმიერ ინიციატივას ყურადღებით ვუსმენთ, გვაინტერესებს ნებისმიერი ინიციატივა და არა დირექტივები. ჩვენ გვინდა მოლაპარაკების დაწყება წინაპირობების გარეშე.
სწორედ ამიტომ, მივმართავ აბუ მაზენს, გვერდით გადასდოს წინაპირობები და მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდეს. მივმართავ მას ენაზე, რომელიც ორივეს გვესმის და ინგლისურად ვეტყვი: Give peace a chance (მიეცი მშვიდობას შანსი). ხელიდან არ გაუშვა შანსი.
ამ მოლაპარაკებების დასასრულებლად ორი პრობლემა უნდა გადავჭრათ – სახელმწიფოებრიობის ცნობა და უსაფრთხოება. ქნესეთის ერთ–ერთმა წევრმა თქვა, რეალობა შეიცვალაო; ნუ გავუშვებთ ხელიდან შანსს.
ჩვენი უსაფრთხოების მოთხოვნები კარგადაა განსაზღვრული და მათ შესახებ სხვადასხვა ფორუმზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ჩვენ მათ შესრულებას მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად არ ვაყენებთ. ამიტომ მივმართავ აბუ მაზენს: თქვენც გაქვთ მოთხოვნები; თქვენც გაქვთ პოზიცია; ნუ წამოაყენებთ მათ წინაპირობად მოლაპარაკებისთვის, თორემ კიდევ ოთხ წელიწადს დავხარჯავთ ფუჭად. პრემიერ მინისტრად სამჯერ ვარ არჩეული და რთული გადაწყვეტილებები არაერთხელ მიმიღია. ახლაც მზად ვარ იგივე გავაკეთო მშვიდობისთვის, თუმცა არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ, თუ ეს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. რთული გადაწყვეტილებები მხოლოდ ჩვენი კი არა, პალესტინელების მხრიდანაცაა მისაღები.