"ჰოლოკოსტისა და გმირების ხსენების დღე ისრაელში 1953 წელს დაწესდა. მას ვარშავის გეტოს აჯანყების თარიღიდან (1943 წლის 19 აპრილი) რამოდენიმე დღის შემდეგ და ისრაელის დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე აღვნიშნავთ.
სულ მალე ისრაელი 66–ე დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს. ამჟამად ისრაელი ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანაა. იგი 1948 წელს ებრაელი ხალხის ისტორიულ მიწაზე დაარსდა და ებრაელთა ეროვნულ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. ეს სამი წლის შემდეგ მოხდა მეორე მსოფლიო ომისა და საზარელი ტრაგედიიდან, რომელმაც 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ექსტრემიზმის, ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის ფენომენი დღემდე არსებობს და მათ ყოველი ჩვენგანი ყოველთვის და ყველგან უნდა ებრძოდეს.
ამ საქმეში განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია.
დღეს ჩვენ გვახსოვს ვარშავის გეტოს აჯანყების გმირები და სხვა უამრავი ადამიანი, რომელთაც ნაცისტურ მანქანასთან ბრძოლას შესწირეს თავი. ჩვენ გვახსოვს ისინიც, ვინც ღირსების დასაცავად, ებრაელები საკუთარი თავისა და ოჯახების საფრთხეში ჩაგდების ფასად გადაარჩინეს. მაგრამ ყველაზე მეტად ვიხსენებთ მათ, ვინც დახოცეს, გაწყვიტეს, გაგუდეს და დაწვეს ბანაკებში, ტყეებში, სოფლებსა და მატარებლებში. ევროპის მიწა მათი სისხლითაა გაჯერებული, ჩვენი ოჯახის წევრთა სისხლით.
დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, ვინც ჰოლოკოსტის დროს ებრაელები გადაარჩნა, 1953 წლის შემდეგ დღემდე იერუსალიმში, კატასტროფის მუზეუმში, იად ვაშემში ყველა დროის ღირსეულ ადამიანთა ნუსხაში არიან შეყვანილნი.
მათ შორის არის სერგო მეტრეველი ვინც დნეპროპეტროვსკიდან გამოქცეული ემილ ზიგელის ოჯახი კისლოვოდსკიდან თავის მშობლიურ სოფელ უწერაში ჩამოიყვანა. ზიგელი გადარჩა და მოგვიანებით წითელ არმიას შეუერთდამ 90–იან წლებში კი ისრაელში წავიდა საცხოვრებლად. მეტრეველს მსოფლიოს ღირსეული შვილის წოდება 2004 წლის 30 მაისს მიანიჭეს, იგი ამჟამად ამ წოდების მქონე ერთადერთი ქართველია იად ვაშემში.
მჯერა, რომ ჰოლოკოსტის სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული ფაქტის ცოდნის, ასევე მსგავსი ფენომენის განმეორებისგან თავის დაზღვევის თვალსაზრისით.
მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი აქტივობა ხდება, მიმდინარეობს არასამთავრობო სექტორთან თანამშრონლობა, იმართება სემინარები, ისწავლება ისტორია და ადამიანები ეცნობიან ჰოლოკოსტის მსხვერპლთა, გადარჩენილთა და მხსნელთა ამბებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს შესწევს ძალა, საერთაშორისო დონეზე ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი და მოვუწოდებ საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ საქართველო ჰოლოკოსტის საკითხზე განათლებისა და ხსოვნის საერთაშორისო ჯგუფს შეუერთდეს, რომელიც 1998 წელს შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, გორან პერსონის ინიციატივით შეიქმნა. ამ ჯგუფში 31 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის არიან ისრაელი აშშ, ევროპული სახელმწიფოები, შვეიცარია და სხვები. ჯგუფში 5 ქვეყანა დამკვირვებლის სტატუსით შედის; ასეთები არიან, მაგალითად, თურქეთი და ბულგარეთი.
ჯგუფში გაწევრიანებით საქართველო აღმოჩნდება მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყანათა შორის, რაც ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და ტოლერანტობის მქონე ქვეყნისთვის, ვფიქრობ, ბუნებრივი არჩევანია.
იუვალ ფუქსი
ისრაელის ელჩი საქართველოში