ორშაბათს, 24 თებერვალს 16 მინისტრისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთად კანცლერი ანგელა მერკელი ისრაელს ესტუმრა. ეს ისრაელისა და გერმანიის მთავრობების მეხუთე შეხვედრაა და ამჯერად იგი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 50 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალბატონი მერკელი იერუსალიმში მდებარე რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა განაცხადეს:
პრემიერი ნეთანიაჰუ: "კანცლერო მერკელ, ანგელა, კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი და თქვენი დელეგაციის მობრძანება ისრაელში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია. ისრაელსა და გერმანიას უნიკალური კავშირი გვაქვს, რომელიც ტრაგედიასა და იმედს, დიდ მეგობრობას და თანამშრომლობას ემყარება.
მიმაჩნია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში სამი უმთავრესი საკითხი უნდა განვიხილოთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნების დემოკრატიის მიზნებს უკავშირდება – უსაფრთხოებას, მშვიდობასა და წინსვლას.
უსაფრთხოების მხრივ, მინდა განვიხილოთ გზები, რომლებიც ირანს ატომური შესაძლებლობების განვითარებაში შეუშლის ხელს. მჯერა, რომ ეს მსოფლიო უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევაა.
რაც შეეხება მშვიდობას, ვისაუბრებთ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარების დამატებით საშუალებებზე. გარწმუნებთ, ანგელა, რომ ისრაელის მოსახლეობას ნამდვილად უნდა მშვიდობა. მათ ნამდვილი მშვიდობა სურთ, მათ სწყურიათ მშვიდობა, რომელიც კონფლიქტს სამუდამოდ დაასამარებს, რომლის დროსაც პალესტინელები ებრაელი ხალხის სახელმწიფოს აღიარებენ და მოგვეცემა საშუალება, მშფოთვარე ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი საფრთხისგან დავიცვათ თავი.
დაბოლოს, წინსვლაზეც მოგახსენებთ. თქვენთან ერთად თქვენი მთავრობის 16 წარმომადგენელი ჩამოვიდა, რაც საშუალებას გვაძლევს, ისრაელსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეკონომიკაში, ტექნოლოგიებსა და ბევრ სხვა სფეროში.
ამრიგად, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომელსაც დღეს საღამოსვე შევუდგებით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იერუსალიმში".
კანცლერი მერკელი: "ძვირფასო ბენიამინ, ნება მომეცით, ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო კიდევ ერთხელ აქ ჩამოსვლისა და გერმანიასა და ისრაელს შორის მეხუთე სამთავრობო კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობის გამო.
სწორად აღნიშნეთ, რომ აქ მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობით, თითქმის ყველა მინისტრთან ერთად ჩამოვედით. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ მართლაც დიდი მეგობრობა გვაკავშირებს, რომლის გაგრძელება მომავალშიც გვინდა.
საკითხთა დიდი სპექტრის განხილვას ვაპირებთ. ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, კვლევასა და განვითარებაზე, გაცვლით პროგრამებზე, განსაკუთრებით, პროგრამებზე, რომლებიც ახალგაზრდა თაობაზეა ორიენტირებული და ცხადია, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხებით.
ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, მომავალი წლის გეგმებზე ვილაპარაკოთ, წელიწადზე, რომელიც გერმანიისა და ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობის 50–ე წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ხუთმა ათწლეულმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ გერმანია ისრაელთან მხარდამხარ თანამშრომლობს, რომ მისი უსაფრთხო მომავალი უზრუნველყოს.
ისრაელის უსაფრთხოების გარანტი ორი ქვეყნის შექმნის იდეაა, რომლის განსახორციელებლად ფედერალური მთავრობა თავგამოდებით მუშაობს: უნდა ჩამოყალიბდეს ისრაელის ებრაული სახელმწიფო და პალესტინის სახელმწიფო.
რასაკვირველია, ირანზეც ვისაუბრებთ. ამრიგად, საინტერესო და ინტენსიური მოლაპარაკებების საღამო გვექნება და ასევე ველით ხვალინდელ დღეს, როდესაც საშუალება მოგვეცემა, ორივე კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განვიხილოთ".