სამუშაო ჯგუფს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უხელმძღვანელებს, მისი წევრები კი იქნებიან: თავდაცვის მინისტრი მოშე იაალონი, იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი იააკოვ პერი.
მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, მინისტრთა ჯგუფი 104 პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ზომებს მიიღებს არსებული პირობების, კრიტერიუმებისა და თარიღების შესაბამისად, მათ შორის იგულისხმება პატიმართა სიის გასაჯაროება.
ისრაელის სახელმწიფო იტოვებს სრულ უფლებას, გამოიყენოს ყველა საჭირო ზომა პატიმრების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლების შემდეგ ისინი ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდებიან ან გათავისუფლების პირობებს დაარღვევენ.
პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ: "მჯერა, რომ დიპლომატიური პროცესის განახლება უაღრესად მნიშვნელოვანია ისრაელისთვის კონფლიქტის საბოლოოდ დასასრულებლად, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და სირიიდან და ირანიდან მომავალი საფრთხეების ფონზე".
მოლაპარაკების შედეგად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება რეფერენდუმს დაექვემდებარება, რადგან ასეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება თითოეულ მოქალაქეს უნდა მიეცეს"
პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან ისრაელი–პალესტინას შორის მოლაპარაკებების განახლების საქმეში ჩადო.