ანტისემიტიზმთან ბრძოლის მეხუთე ფორუმი ჩატარდება

ანტისემიტიზმთან ბრძოლის მეხუთე ფორუმი

  •   იერუსალიმში ანტისემიტიზმთან ბრძოლის მეხუთე ფორუმი ჩატარდება
  •    
    ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 70 წელიწადი გავიდა და დღეს, სამწუხაროდ, კვლავ ანტისემიტიზმის მომსწრენი ვართ. კვლავინდებურად ისმის მათი ხმა, ვინც ჰოლოკოსტს უარყოფს და დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას შეურაცხყოფს.
  • icon_zoom.png
    5th Global Forum for Combating Antisemitism 5th Global Forum for Combating Antisemitism
     
     
    იერუსალიმში ანტისემიტიზმთან ბრძოლის გლობალური ფორუმი 12–15 მაისს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იერუსალიმისა და დიასპორის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდება.
    ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 70 წელიწადი გავიდა და დღეს, სამწუხაროდ, კვლავ ანტისემიტიზმის მომსწრენი ვართ. კვლავინდებურად ისმის მათი ხმა, ვინც ჰოლოკოსტს უარყოფს და დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას შეურაცხყოფს.
    სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დასავლეთ ევროპასა და ინტერნეტის "ვირტუალურ სივრცეში" ანტისემიტური ინციდენტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
    ჰოლოკოსტიდან 70 წლის შემდეგ ევროპაში მცხოვრები უამრავი ებრაელი კვლავ ბუნდოვნად ხედავს მომავალს რადიკალური ისლამისტების მხრიდან ანტისემიტური გამოხდომებისა და ტერაქტების გამო, რომლებმაც 2014 წელს ცხრა უდანაშაულო ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.
    ამ ფონზე ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეხუთე გლობალური ფორუმი, რომელიც 2015 წლის 12–14 მაისს იერუსალიმში ჩატარდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ანტისემიტიზმთან ბრძოლის ერთ–ერთ ყველაზე ქმედითუნარიან იარაღად იქცევა.
    მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე მსხვილ კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ათასამდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან გერმანიისა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრები, ბულგარეთის განათლების მინისტრი, პარიზის მერი და კანადის მინისტრი მრავალკულტურული საზოგადოების საკითხებში. ფორუმს ისრაელის მხრიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქნესეთის სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იერუსალიმისა და დიასპორის საკითხთა მინისტრი დაესწრებიან.
    განსაკუთრებული ყურადღება მიექცება ანტისემიტურ გამოვლინებებს ევროპაში, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში. მსოფლიო მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებით ელიან დისკუსიას, რომელშიც ევროპაში მცხოვრები მუსულმანი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში იმუშავებს 12 ჯგუფი. ისინი შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ჰოლოკოსტის უარყოფა და მეორე მსოფლიო ომის ფაქტების დამახინჯება, ანტისემიტიზმთან ბრძოლის კანონიერი გზები, ანტისემიტიზმთან ბრძოლის ახალი კანონმდებლობის შემუშავება და ა.შ.