გთავაზობთ ამონარიდებს ისრაელის პრეზიდენტის, რუვენ რივლინის სიტყვიდან, რომელიც მან 12 ნოემბერს, თელ ავივში ჰაარეც ისრაელის სამშვიდობო კონფერენციაზე წარმოთქვა:
"ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თვალის ჩინი არ აკლია, დაინახავს, რომ ჩვენს ქუჩებში ფუნდამენტური ისლამისგან მომავალი ზიზღი და ტერორი მძვინვარებს, რომლის გამოც ბავშვები საკუთარ თანატოლებს დანებით ხოცავენ. სწორედ ამიტომ ვიცით, რომ მშვიდობის მტრედების ჰაერში ასაფრენად დიდი დრო დაგვჭირდება.
შევძლებთ თუ არა, მომავალ თაობას ისრაელი–პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად დადებითი მემკვიდრეობა დავუტოვოთ? არა მგონია, მაგ დროისთვის მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ გარკვეული გარღვევა მაინც უნდა შევძლოთ. შეიძლება, ჩვენი მცდელობა მცირემასშტაბიანი, ემბრიონულ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ ერსა და მთავრობებს შორის ნდობის მოპოვება მაინც უნდა შევძლოთ, რათა მათაც ჩვენსავით ნულიდან არ მოუწიოთ დაწყებამ.
მეგობრებო, დებატების საწყისი წერტილი ურთიერთგაგება უნდა იყოს როგორც თელ ავივში, ასევე სამარიაში. მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც რატომღაც უგულვებელყოფენ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს – ებრაელებისა და არაბების ურთიერთობის გაღრმავებას როგორც ისრაელში, ასევე მის გარეთ. ჩვენ სირაქლემებივით ვრგავთ თავს მიწაში და არ ვიცით, რა იქნება მომავალში.
მინდა, მივმართო პალესტინელ ახალგაზრდებს: სიკვდილის არჩევანი გამოსავალი არ არის. მრავალი წელია, ამ მიწაზე სისხლი წყალივით იღვრება. არც ერთი ადამიანის სისხლი არ არის უფრო წითელი, ვიდრე სხვა ადამიანისა. მინდა, გითხრათ, რომ თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ თუ სახლიდან ვინმეს მოსაკლავად გახვალთ, დიდი ალბათობით, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებით. თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელთაა. უნდა იცოცხლოთ სიცოცხლისთვის და არა სიკვდილისთვის. ნუ გაასულელებინებთ თავს ისლამური სახელმწიფოს სასიკვდილო პროპაგანდას. ჩვენი ერები რთულ და ხანგრძლივ ბრძოლაში არიან ჩართულები, რომელსაც ზღვა სისხლი და სიკვდილი უნახავს. აირჩიეთ სიცოცხლე. აირჩიეთ იმედი უკეთესი მომავლისა. თქვენი და თქვენი შვილებისთვის! შვილებისთვის, რომლებიც, შეიძლება, გყავდეთ. თქვენივე ხალხის ბედნიერი მომავლისთვის".